წერილი ევროკავშირს
ქალბატონ პრეზიდენტ ფონ დერ ლეიენს და ევროკომისიის წევრებს,
ქალბატონ პრეზიდენტ მეცოლას და ევროპარლამენტის წევრებს,
ბატონ პრეზიდენტ მიშელს და ევროპული საბჭოს წევრებს,
ბატონ კარლ ჰარცელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს
ჩვენ, სრულიად საქართველოს საზოგადოება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, საზოგადოებრივი მოძრაობის, რელიგიური, ეთნიკური, გენდერული თუ სხვა ნიშნით კუთვნილებისა, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.
ჩვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა დაფუძნებულია დემოკრატიულ და ჰუმანისტურ ფასეულობებზე. გვჯერა, რომ საქართველოს მომავლის ქვაკუთხედია: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა და დემოკრატია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სასიცოცხლო ვექტორი ევროკავშირისკენ არის მიმართული.
ორ თვეზე მეტია, რაც მტკივნეულად განვიცდით რუსეთის სასტიკ აგრესიას უკრაინაში. მთელი მსოფლიოს თვალწინ პუტინის რეჟიმი სჩადის არაადამიანურ დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე. ამ მძიმე დროს ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან და ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ რუსეთის ქმედებებს. ამ მომართვით კი გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოს, რომელიც ორგანულად ებმის უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისათვის.
გვსურს გამოვკვეთოთ პარალელები და კავშირები რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ამ ორი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. საქართველოს ისტორია თვალნათლივ აჩვენებს, როგორ იყენებს რუსეთი სიცრუისა და სიყალბის მექანიზმს, რათა განახორციელოს თავისი ერთადერთი მიზანი – დაიპყროს და მიიერთოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები.
საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე უძველესი ქვეყანაა, უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით. ამ ისტორიულმა მოცემულობამ უდავოდ განაპირობა ის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მომცველი ტოლერანტული საზოგადოება.
1801 წელს რუსეთის იმპერიამ საქართველო უკანონოდ მიიერთა ქართულ-რუსული მეგობრობის, ე.წ. „გეორგიევსკის ტრაქტატის“ დარღვევის შედეგად. 1918 წელს საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული დემოკრატიული ქვეყანა შექმნა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ 1918 წელს საქართველოში ქალებს, ერთ-ერთ პირველებს მსოფლიოში, მიენიჭათ ხმის უფლება და მიეცათ შესაძლებლობა ყოფილიყვნენ არჩეულნი პარლამენტში.
სამწუხაროდ, 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო და მიიერთა ბოლშევიკურმა რუსეთმა, რის შედეგადაც ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა გახდა. მოგვიანებით, საქართველომ კომუნისტური რეჟიმის მასობრივი რეპრესიები გადაიტანა.
მეორე მსოფლიო ომში ქართველი ჯარისკაცები უკრაინელების და სხვათა გვერდით იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის მომავალს დაახლოებით 300.000 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა – იმდროინდელი საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი ფასი გაიღო ევროპის ფაშისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებლად.
საბჭოთა პერიოდში საქართველო წარმოადგენდა ანტი-საბჭოური წინააღმდეგობის იშვიათ მაგალითს, რომელსაც მიეკუთვნება 1978 წლის წარმატებული პროტესტი ენის კონსტიტუციური სტატუსის დასაცავად.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, 1991 წელს საქართველომ მეორედ დაიბრუნა დამოუკიდებლობა. მას შემდეგ საქართველოს რამდენიმე ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის გადატანა მოუხდა რუსეთის ძალებთან. მსოფლიო საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილია 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომი. რუსეთის შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე ემსხვერპლა მშვიდობიანი მოსახლეობა და ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, კერძოდ, აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონები. რუსეთის აგრესია ამით არ დამთავრებულა, მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება. სამწუხაროა, რომ 2008 წლის ომს, რომელიც განგაშის სიგნალი უნდა ყოფილიყო მთელი მსოფლიოსათვის, სათანადო ყურადღება არ მიექცა და ჯეროვნად ვერ შეფასდა, რასაც მოგვიანებით ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა რუსეთის უკრაინაში შეჭრით.
გვჯერა, რომ საქართველომ, ისევე, როგორც უკრაინამ, დაიმსახურა თავისი ადგილი ევროპის ქვეყნების დიდ ოჯახში. საქართველოს ევროკავშირში არმიღება იქნება დამანგრეველი ჩვენი ერისთვის მის მიერ დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ადამიანური ფასეულობებისთვის ბრძოლაში. ასევე, თანადგომას ვუცხადებთ უკრაინასა და მოლოდოვას და მხარს ვუჭერთ მათ გაწევრიანებას ევროკავშირში.