2+2 გამარჯვების ფორმულა
გამარჯვება ორ ეტაპად – 2 ბლოკი, 2 არჩევნები.
დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოში მომავალი, 2024 წლის არჩევნები პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ახალ სისტემაზე გადასვლასთან ერთად კანონში ჩადებულია ნაღმები, რომელთა მიზანია უზრუნველყოს ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების შენარჩუნება. პირველ რიგში ეს არის მაღალი, 5 პროცენტიანი ბარიერი, აგრეთვე აკრძალვა საარჩევნო ბლოკების შექმნაზე. სავარაუდოდ, ხელისუფლების გათვლაა რომ ჭრელი, არაკოორდინირებული და ხშირად ერთმანეთის კრიტიკაზე გადასული ოპოზიცია ვერ შეძლებს გაერთიანებას და ბევრი მათგანი ბარიერს მიღმა აღმოჩნდება, დაკარგული ხმები კი გადანაწილდება გამარჯვებულ სუბიექტებს შორის. ეს ფაქტობრივად საპროტესტო ელექტორატის ხმების ხელისუფლების ყულაბაში წასვლას ნიშნავს. ეს არის დღევანდელი რეალობა და ძნელად წარმოსადგენია, რომ ხელისუფლებამ პოზიციები დათმოს და ამით წინასწარ მოაწეროს ხელი არჩევნებში დამარცხებაზე. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ ბარიერის დაწევა ქართული ოცნების სასრგებლოდ ითამაშებს, რაც არსებული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდება.
მომდევნო სქემა გვესახება გამოსავლად არსებული ჩიხური სიტუაციიდან.
2024 წლის არჩევნები. ორი, კოორდინაციაში მყოფი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტი:
ბლოკი 1 – ნაციონალური მოძრაობა და მასთან აფილირებულები პარტიები (სავარაუდოდ დროა, გირჩი, აღმაშენებელი)
ბლოკი 2 – “ნოეს კიდობანი”. ბლოკის ამოცანაა ყველა დანარჩენი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის გაერთინება და ამ გზით მცირე პარტიების მიერ ბარიერის გადალახვა. სვარაუდო სია: ლელო, საქართველოსთვის, ლეიბორისტები, რამდენიმე შესაძლო ჩამოყალიბების სტადიიაში მყოფი ახალი პარტია და მოძრაობა etc..
საარჩევნო გაერთიანების რეგისტრაციაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ბლოკებში აქ იგულისხმება საარჩევნოდ დაფუძნებული ზეპარტიული გაერთიანება, რომელიც ერთიან სიას წარადგენს საარჩევნო კომისისაში ან ცალკეული პარტია გაფართოებული სიით.
პირველ ბლოკს სავარაუდოდ ხმას მისცემს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ამომრჩეველი, მეორე ბლოკს დანარჩენი ევროპულ ინტეგრაციაზე ორიენტირებული ამომრჩეველი, ოცნების მომხრეების გარკვეული ნაწილის ჩათვლით. აგრეთვე, ორ ბლოკად გაერთიანება და მათ შორის კოორდინაცია არჩევნების მოსაგებად, სერიოზული მოტივაცია იქნება პასიური და ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლისთვის.
პარტიებს შორის არსებული პოზიციების მნიშვნელოვანი სხვაობის გათვალისწინებით, ეს დიდი გაერთიანება არის დროებითი, არ ავალდებულებს მასში შემავალ სუბიექტებს სრულ თანხმობას ყველა საკითხზე და მხოლოდ პირველი ეტაპის ამოცანის, ოცნების ხელისუფლების დამარცხებაზეა ორიენტირებული. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტს შეაქვს ცვლილებები საარჩევნო სისტემაში და ნიშნავს ახალ, რიგგარეშე არჩევნებს.
ჩვენი აზრით, ეს არის 2024 წლის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი რეალური ფორმულა.
თუ გაერთინება ვერ მოხერხდა და არჩევნებში სამი ან მეტი ოპოზიციური ბლოკი მიიღებს მონაწილეობას, ეს მკვეთრად გაზრდის ზოგიერთი სუბიექტის ბარიერს მიხღმა დარჩენის და შეაბამისად ოცნების მოგების შანსს.
პირველი ეტაპის, 2024 წლის არჩევნების ამოცანაა – არსებული სისტემის ფარგლებში (პროპორციული, 5% ბარიერით) ქართული ოცნების დამარცხება ერთიანი ფრონტით და პირველივე სესიაზე ახალი საარჩევნო კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი სტანდარტის სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს (სავარაუდოდ, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში).
ახალი მოწვევის პარლამენტის ამოცანები:
1. ახალი კანონი არჩევნების შესახებ:
ბარიერის 2%- მდე დაწევა.
სახელისუფლებო რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის მოსყიდვის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადება.
აგიტატორების და კოორდინატორების მკაცრი რეგლამენტირება, არჩევნების დღეს კი მათი მუშაობის სრული აკრძალვა.
საარჩევნო კომისიის კომპლექტაციის სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის მიღება. სხვა აუცილებელი და მნიშვნელოვანი ცვლილებები თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.
ასევე მისაღებია კანონი ორგანიზებულ (სისტემურ) დეზინფორმაციაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებისა და ტროლების ინსტიტუტის კრიმინალიზაციის თაობაზე.
2. 2024 მოწვევის პარლამენტის დაშლა და 2025 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
შემდეგი არჩევნები ჩატარდება ახალი საარჩევნო სისტემით, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში..
ამ ორი პუნქტის შესრულების შემთხვევაში შემდეგი მოწვევის პარლამენტი დაიწყებს მოღვაწეობას სუფთა ფურცლიდან. გზას გაუხსნის საქართველოს ნამდვილი და არა მოჩვენებითი ევროპული ფასეულობებზე დაფუძნებული მოდელისკენ მოძრაობისთვის. ფაქტობრივად გახდება ახალი, მესამე რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, სასურველია ამ ფორმულის იმპლემენტაცია მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ვითარება ქვეყანაში ისეთი სისწრაფით იცვლება, შეიძლება სტატუს კვო 2024 წლამდე არ შენარჩუნდეს და მოვლენები სხვა მიმართულებით განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სპექტრი კონსოლიდირებული შეხვდეს ასეთ სცენარს.
დ.დ.
ჯ.ა.